„მადლობა, პრეზიდენტს, მისი დამოკიდებულების, განწყობისთვის და ინიციატივისთვის. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების„ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ არ სჯერა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერი შერიგების აუცილებელი წინაპირობაა.
„შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, ამის მიხედვით შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს იყო ერთ-ერთი პასაჟი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში, ისიც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაღაცების შეფასება მნიშვნელოვანია და ეს არის წინაპირობა, რათა ეს პროცესი წარმატებული იყოს. უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, პირველ რიგში, იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ გამოგვატარა 2004-1012 წლებში და რომლის მსხვერპლიც იყო უამრავი ადამიანი, ათეულობით ათასი ადამიანი, რომელსაც ქონება წაართვეს, აწამეს, მედია წაართვეს და ასე შემდეგ. თუ ეს შეფასება გაკეთდება, უფრო გამარტივდება ის პროცესი, რასაც პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ჰქვია, პოლარიზაციის ხარისხის შემცირება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ მჯერა იმის, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერი შერიგების აუცილებელი წინაპირობა.
მე არ მჯერა, რომ ისინი აღიარებენ საკუთარ დანაშაულებს. ამის მორიგი ნიშანი იყო ის, რომ არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში. ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს დღემდე მესამე პრეზიდენტს უწოდებენ, კლიშეებს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რაც ყველაფერზე მეტყველია და ცხადყოფს. მათ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესის მიმართ და საკუთარი დანაშაულების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძე.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის წინასაახალწლო მიღება გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.