საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიმართ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს მიღწევების შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.
„დავიწყებ კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ამ ინდექსში საქართველოს ეკავა 69-ე პოზიცია. ახლა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 31-ე პოზიცია აქვს, რაც ნიშნავს დიამეტრულ გაუმჯობესებას. ამას არ ლაპარაკობს პარტია „ქართული ოცნება“ ან რომელიმე ადგილობრივი ექსპერტი. მას ამბობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. მეორე ორგანიზაცია, რომელიც ასევე აფასებს კორუფციას მსოფლიოს ქვეყნებში - „საერთასორისო გამჭვვირვალობა“, კორუფციის აღქმის ინდექსში 2012 წელს საქართველოს ჰქონდა 51-ე პოზიცია, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს 44-ე პოზიცია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი ინფორმაციით, ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველოს 2012წლამდე მე-12 პოზიცია ჰქონდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას მე-7 პოზიცია. ბიზნესის თავისუფლების სხვა ინდექსი „ჰერითიჯ ფაუნდეინშენის“ მიხედვით, 2012 წელს 23-ე და მე-16 პოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოსვლის შემდეგ.
„რაც შეეხება საკუთრების უფლებას, რომელიც ყველას გვესმის, რომ საკუთრების დაცვა არის სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიის ქვეყნის განვითარების, სტაბილურობის და როგორც პიროვნული, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველია, ჩვენ გვახსოვს, ჩვენი ოპონენტები როგორ ექცეოდნენ საკუთრების უფლებას. ღამ-ღამობით რომ ადამიანებს ძალიან მოუნდებოდათ ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის თავიანთი საკუთრება, რომელიც მშობლებმა ან ბებია-ბაბუებმა დაუტოვეს ან თვითონ შექმნეს შრომით, აი, ასობით ადამიანი რომ მიდიოდა მაინც და მაინც პროკურატურაში და სჩუქნიდა სახელმწიფოს, ეგ ინდექსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, 2012 წელს იყო 120-ე, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს აქვს 46-ე რეიტინგი. დამოუკიდებელი სასამართლო, ფრეიზერის ინსტიტუტი- 2012 წლამდე 89-ე პოზიცია გვქონდა, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში 67-ე პოზიცია გვაქვს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ქართული სასამართლო ევროპული სასამართლო სისტემების ოცეულში - მე-16 პოზიციაზეა.