„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება და შეადგენს 21,8 მილიარდ ლარს და ოპოზიციონერების ორი მთავარი შეკითხვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო ის, თუ რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი და რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ეს ბიუჯეტი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია იმასაც კი არ აკეთებს, რომ სხდომაზე მივიდნენ, ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას, მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, სხდომას ესწრება ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მაშინ, როდესაც ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში დადიოდნენ და მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ხელისუფლებაში ჩვენ თუ დავბრუნდებით, ყველაფერი უკეთესად იქნებაო. არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც კი არ უნდათ თავიანთი ფუნქციის შესრულება. იმასაც კი არ აკეთებენ, რომ სხდომაზე მობრძანდნენ, ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას, მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი. როდესაც არ შეგიძლია ის პასუხისმგებლობა ატარო, რაც ოპოზიციას აქვს, რა თქმა უნდა, არ შეგიძლია უფრო დიდი პასუხისმგებლობა ატარო და მოითხოვო, ის რაც ხელისუფლებას აქვს. ეს არის უმარტივესი დასკვნა, რაც შეიძლება მოქალაქეებმა გამოიტანონ. კარგი იქნებოდა რომ დღეს აქ ყოფილიყვნენ ისინი არგუმენტებით და დებატებში ჩართულები. ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან ვერ ვნახეთ რამე საკითხზე სერიოზული ოპონირება და მადლობა ეკუთვნის ერთადერთ ადამიანს ოპოზიციიდან, რომელიც დღეს მთელ ოპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის და ეკონომიკური საკითხების მოსმენისას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.