„აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირისა და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრასა და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის განმარტებას, რეგულირდება ონლაინ თამაშების რეკლამირება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.
პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა საკითხის გატანისას აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესები და შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობისა და სოციალური ფონის გაუარესების რისკები. მისი თქმით, აზარტული თამაშობების ბიზნესი გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს ვიდრე მისგან მიღებული სიკეთეებია, ამიტომ არის საჭირო ამ ეტაპზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღება.
მომხსენებელმა ისაუბრა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. კერძოდ, წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებულია იურიდიული კომიტეტის შენიშვნები ტერმინოლოგიის დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე საკანონმდებლო ტექნიკისა და რედაქციული ხასიათის შენიშვნები. გათვალისწინებულია მაუწყებლების შენიშვნაც და კანონპროექტში თავდაპირველად მითითებული ამოქმედების ვადად 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრება 2022 წლის 1 მარტით.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ სათამაშო ბიზნესის, მაუწყებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.