„დოკუმენტის თანახმად, საქართველო რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი დასახელებულია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე პასუხისმგებელ მთავარ უწყებად“, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ჩვენი უწყების უნარი და შესაძლებლობა, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე. ასევე, საუბარია, ჩვენი სამსახურის მაღალი დონის აღჭურვილობაზე, თითოეული თანამშრომლის მომზადებასა და გადამზადებაზე. ხაზგასმულია და სასიხარულოა ის, რომ 2020 წლის ანგარიშში მოხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად შექმნილი სასწავლო ცენტრიც, ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი სამსახური მუშაობის სრულიად ადეკვატური შეფასება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს აფასებს.