კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი აცხადებენ, რომ თავიანთი ვაქცინის მესამე დოზას ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარე გამოცდის ფარგლებში შეაფასებენ.
კომპანიებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინის ორდოზიანმა კურსმა ორიდან ხუთ წლამდე ასაკის პოპულაციაში ისეთი იმუნური პასუხი გამოიმუშავა, რომელიც უფრო დაბალი იყო, ვიდრე 16-დან 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
ამ ეტაპზე კვლევა ვაქცინის მესამე დოზას (3 მიკროგრამი) მოიცავს, რომლის მიღება მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, ორი თვის შემდეგ უნდა მოხდეს.
თუ ვაქცინაციის სამდოზიანი კურსი წარმატებული აღმოჩნდება, Pfizer-ი და BioNTech-ი მონაცემებს მარეგულირებელს წარუდგენენ, რათა ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში მესამე დოზის გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიიღონ.