საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი მეცნიერებისთვის! დღეს ვაფუძნებთ უაღრესად მნიშვნელოვანი ევროპული სამეცნიერო კვლევითი საგრანტო პროგრამის Horizon Europe-ის ეროვნულ ოფისს საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 7 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში ბრიუსელში ხელი მოვაწერეთ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირის ამ უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევით საგრანტო პროგრამა Horizon Europe-ში. შესაბამისად, ეს მოვლენა გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროკავშირთან და ჩვენი მეცნიერები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რაც აქვთ მათ კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსნით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისებს ყველა უნივერსიტეტში. ეს პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება. პირადად მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო საგრანტო ოფისების გახსნის ცერემონიაში სოხუმისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მინდა მთელი გულით ვუსურვო წარმატება ჩვენს მეცნიერებს. ეს ძალიან დიდ ასპარეზს ქმნის მათთვის, რადგან Horizon Europe გახლავთ უპრეცედენტო მოცულობის საგრანტო პროგრამა. ეს არის 95,5 მილიარდი ევრო და ჩვენს მეცნიერებსა და ინოვატორებს უკვე აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამაში.
პროგრამა საშუალებას აძლევს ჩვენს მეცნიერებს, ერთობლივი პროექტები განახორციელონ ევროპელ კოლეგებთან ერთად. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ახალ განზომილებაში გადაიყვანს უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარე კვლევებს, რომლებიც ჩვენს სამეცნიერო ინსტიტუტებში მიმდინარეობს.
როდესაც ვსაუბრობთ მეცნიერებაზე და, ზოგადად, ჩვენს სფეროზე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო განათლების სისტემის მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და მისი განვითარების კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უდიდესი ქველმოქმედების შედეგად საქართველოში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული მსოფლიო დონის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო კვლევით პროცესს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ადრონული თერაპიის ცენტრის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ.
ადრონული თერაპიის ცენტრში იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი. ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით. ადრონული თერაპია უაღრესად ეფექტურია სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. ადრონული თერაპიის ცენტრს უნიკალურს ხდის ის, რომ მეორე ციკლოტრონი მთლიანად დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს. მქონდა ბედნიერება, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად შევხვედროდი მოწინავე მეცნიერებს ევროპაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როდესაც მათ ვაცნობე, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ ამბავს. მათ სურვილი გამოთქვეს, ქართველ მეცნიერებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კვლევით პროცესში ადრონული თერაპიის ცენტრში. ეს, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ქუთაისში განხორციელდება წამყვანი კვლევები, როგორც სამედიცინო და ბირთვული ფიზიკის, ასევე ონკოლოგიის მიმართულებით. ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი პაციენტის მიღებას შევძლებთ 2024 წლის დასაწყისში, ხოლო კვლევითი პროცესი ცოტა უფრო ადრე დაიწყება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ Horizon Europe მოიცავს მეცნიერების ყველა დარგს როგორც ფუნდამენტურს, ასევე, გამოყენებითს, მაგრამ განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ონკოლოგიურ კვლევებს. შესაბამისად, ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია სრულ თანხვედრაშია Horizon Europe-ის მიზნებთან.
კიდევ ერთხელ მთელი გულით ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას – Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაარსებას ყველა მეცნიერს. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ ამ ახალ ასპარეზზე“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი მაია ოკუჯავა წარადგინა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის მისია იქნება ევროკავშირისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე მოეწყო საგრანტო ოფისები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა. გარდა ამისა, განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით.
Horizon Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.
საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.