logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: არქივის სრულად გაციფრულება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის ნაწილია
- +

17 დეკემბერი. 2021. 22:34

 

 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ეროვნული არქივის საქმიანობისა და აქ დაგეგმილი პროექტების შესახებ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ისაუბრა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, არქივის სრულად გაციფრულება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია. წლების განმავლობაში შექმნილი დოკუმენტების შესანახად არც ერთი ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი, შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება მათი გაციფრულება და ამ ფორმით დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

„გაციფრულება გაზრდის ხელმისაწვდომობას და ბევრად უფრო მარტივი იქნება ნებისმიერი დოკუმენტის მოპოვება. რა თქმა უნდა, გაციფრულების პროცესი ასევე გაამარტივებს საქმისწარმოების პროცედურებსაც. ჩვენი მიზანია, სამუშაო დღის ბოლოს ყველა დოკუმენტი, რომელსაც გასცემს იუსტიციის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები, უკვე იყოს დაარქივებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

მინისტრმა ისაუბრა არქივის ახალ ინფრასტრუქტურაზეც. „წელს ახალციხეში გავხსენით არქივის ახალი შენობა, რომელიც ემსახურება ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. მომავალ წელს კი დაემატება ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიც. დაგეგმილია გორში არქივის ახალი შენობის აშენება და აღჭურვა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის დოკუმენტები საიმედოდ შეინახება“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 

რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ასევე იგეგმება თბილისში ეროვნული არქივის თანამედროვე ტიპის ახალი შენობის პროექტზე მუშაობაც, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საარქივო დოკუმენტების შენახვის პირობები ბევრად უკეთ იქნება დაცული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner