„პუტინი უკრაინაში ვერაფერს მიიღებს, ის აღარაა იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინა გადაყლაპოს ან ამოატრიალოს, მაგრამ ის ჯერ კიდევ წარმოადგენს საფრთხეს, რომ საზღვრებთან თავმოყრილი სამხედრო ძალის გამოყენებით შეეცადოს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც“, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა, უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, ანდრეი ტეტერუკმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ის გაზისა და სხვა რესურსების შანტაჟით ნაწილობრივ ახერხებს კიდეც ამ დესტაბილიზაციის შექმნას. ახლა მორიგი გარდამტეხი მომენტია, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ამ საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება და ასევე, ჩვენს გარშემო ერთსულოვნად შემოვიკრიბოთ მოკავშირე სახელმწიფოებიც. აუცილებელია, თითოეული დასავლური ქვეყნისა და პარტნიორი სახელმწიფოს ხმა ისმოდეს, რადგან ვიმეორებ, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის ომზე, მთელი ეს პროცესი საფრთხეს ევროგაერთიანებას უქმნის“, - განაცხადა ანდრეი ტეტერუკმა.
მისივე თქმით, ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ დღეს რუსეთს სრული კონტროლი აქვს ბელორუსზე. ალექსანდრე ლუკაშენკომ კი უკვე განაცხადა, რომ ის გვერდით არ გაიწევს დონბასში ომის შემთხვევაში.
„ბელორუსი პოტენციური საფრთხეა, რომელსაც შეუძლია დახმარების ხელი გაუწოდოს კრემლის სამხედრო მანქანას. თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ ოკუპაციას, პუტინი ვერ მიიღებს უკრაინისგან ვერც ავტონომიას, რომლის შექმნაც სურს და ვერც მთლიანობაში უკრაინას. ჩვენ არ გვაქვს სხვა სამშობლო და არ გვაქვს გზა სამშობლოს დაცვის გარდა. დონეცკის აეროპორტის აღებას რუსეთი 260 დღე ცდილობდა და ვერ ახერხებდა უკრაინელი პროფესიონალი სამხედროების თავგანწირვის გამო, ახლა რუსეთისთვის უკვე მთელი უკრაინა გახდება დონეცკის აეროპორტი, თუნდაც 200 ათასი ცოცხალი ძალით შემოვიდნენ, ყველას წინააღმდეგობას გავუწევთ, ვინც ჩვენს მომავალს იარაღით ხელში დაემუქრება. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები, პუტინის ტვინი მუშაობს, როგორც კგბ-ს გამოზრდილს შეეფერება - სპეცოპერაციები, შანტაჟი და მკვლელობები, ზუსტად ისე, როგორც ეს ტერორისტულ სახელმწიფოებში ხდება“, - განაცხადა ანდრეი ტეტერუკმა.