logo_geo
eng_logo
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
- +

20 დეკემბერი. 2021. 02:29

 

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ნატო ალიანსის სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის წინადადებებს განიხილავს, თუმცა მოსკოვს უფლებას არ მისცემს, ნატოს უკარნახოს, როგორ უნდა მოიქცეს.

 

„ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ, რაც იმ წინადადებების განხილვას გულისხმობს, რომელიც რუსეთმა წამოაყენა. თუმცა, არ შეიძლება, რომ რუსეთი ნატოს პარტნიორებს კარნახობდეს, როგორ მოიქცნენ. არსებული დაძაბულობა დიპლომატიურ დონეზე და ასევე შეკავების გზით უნდა გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

 

კრისტინ ლამბრეხტმა ასევე დაუჭირა მხარი რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას.

 

„ამჟამად ყურადღება პუტინსა და მის გარემოცვაზე უნდა გავამახვილოთ. აგრესიაზე პასუხისმგებელმა პირებმა შედეგები საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

 

17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.

 

ოფიციალური მოსკოვი იურიდიულად სავალდებულო გარანტიას ითხოვს, რომ ნატოს სამხედრო ალიანსი უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს აუცილებელი მოთხოვნაა ევროპაში დაძაბულობის შემცირებისა და უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის განმუხტვისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner