ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი 60 წელზე უფროსი ასაკისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას რეკომენდაციას უწევს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი აღნიშნულ რეკომენდაციას მიესალმა და განკარგულება გასცა, რომ ოფიციალურმა პირებმა მეოთხე დოზით ვაქცინაციის კამპანიისთვის მზადება დაიწყონ. ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენება დაიწყება.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, მეოთხე დოზის მიღება მესამე დოზიდან, სულ მცირე, ოთხ თვეში უნდა მოხდეს.
ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ნახმან აშმა უნდა დაამტკიცოს.
„ეს მშვენიერი სიახლეა, რომელიც „ომიკრონი“ შტამის გავრცელებით გამოწვეული ტალღის დაძლევაში დაგვეხმარება, რომელიც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.