logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „საქართველოსა და ევროკავშირის შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
- +

22 დეკემბერი. 2021. 19:08

 

პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილა და 87 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოსა და ევროკავშირის შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებას.

 

მომხსენებლის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძის ინფორმაციით, შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოს კულტურის სფეროს გაძლიერებასა და მხარდაჭერას და, მეორე მხრივ, ევროპული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

„უკვე 6 წელია საქართველო როგორც არაასოცირებული წევრი და პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მონაწილეობს ამ პროგრამაში. 33 პროექტი უკვე მხარდაჭერილია და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ. ყველა ეს პროექტი დადებითად შეფასდა ევროკომისიის მონიტორინგის მიერ. აღნიშნული პროგრამა 2021-2027 წლების ფარგლებში მოიცავს 2,4 მილიარდი ევროს ბიუჯეტს და საქართველოს წარმომადგენლებს - კულტურის მუშაკებს, შემოქმედებით ჯგუფებს საშუალება ექნებათ, რომ ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი პროექტებით ამ კონკურსებში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

პროგრამას ორი უმთავრესი მიზანი აქვს: ევროპული კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია. ასევე, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების, განსაკუთრებით კი აუდიო-ვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება.

 

საქართველო პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ 2015 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner