სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან მძიმე დაავადების რისკი უფრო დაბალია, ვიდრე წინა ვარიანტების შემთხვევაში.
„სამხრეთ აფრიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შემდეგია: „ომიკრონი“ ნაკლებად სერიოზულია. ჩვენი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ სიმძიმის დონე სხვა ვარიანტებთან შედარებით შემცირებულია“, - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის პროფესორმა, შერილ კოენმა.
კვლევის შედეგების თანახმად, „დელტა“ შტამთან შედარებით, შემცირებულია ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადების რისკი „ომიკრონი“ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებში.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში, 1 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში „ომიკრონი“ შტამით ინფიცირება დაუდგინდათ, საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 80%-ით ნაკლები იყო, ვიდრე იმავე პერიოდში სხვა ვარიანტით ინფიცირებულ პირებში.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში, „ომიკრონი“ შტამით ინფიცირებულ პაციენტებში მძიმე დაავადების განვითარების რისკი იგივე იყო, როგორც სხვა ვარიანტებით ინფიცირებულ პაციენტებში.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.