საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, NATO-სა და ევროკავშირში წევრობას დიდი ეროვნული მხარდაჭერა აქვს, ის ასახულია კონსტიტუციაში და წლების განმავლობაში ეს მხარდაჭერა არის 80 პროცენტი და უფრო მეტიც.
დარსალიას თქმით, NATO-სა და ევროკავშირში წევრობაზე ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსი უკვე შემდგარია.
„როგორც დემოკრატიული ქვეყანა - საქართველო მოიაზრებს თავის თავს სწორედ ამ სივრცის ნაწილად. ეს პირველ რიგში არის ღირებულებითი არჩევანი საქართველოსთვის და ჩვენ, მთელი ჩვენი საზოგადოება თავის თავს მოიაზრებს ამ დემოკრატიული სივრცის ნაწილად, რომლის გამოხატულებაცაა სწორედ ეს ორი ორგანიზაცია. შესაბამისად აღნიშნულს ალტერნატივა არ გააჩნია. უფრო მეტიც 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად მიუღებელია სხვადასხვა სახელმწიფოების საუბრები ე.წ. გავლენის სფეროებზე, ექსკლუზიურ ზონებზე. აღნიშნული ემსახურება მხოლოდ საერთაშორისო სისტემის დესტაბილიზაციას და არსებულ მსოფლიო წესრიგს უთხრის ძირს“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც საქართველოს NATO-ში ძალით შეყვანის მცდელობები წითელი ხაზის დარღვევა იქნება.