„სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იანვრიდან მუშაობას განაახლებს და კონკრეტული წინადადებები მომზადდება სასამართლო რეფორმაზე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა პოლარიზაციის შემცირება. მისივე განმარტებით, ეს ძალიან რთული ამოცანა, თუმცა მზად არიან, ამისთვის მაქსიმუმი გააკეთონ.
„რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით რეფორმებს, ესეც არის ჩვენი ამოცანა. სასამართლო რეფორმის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების გამო შეჩერდა, სამუშაო ჯგუფი მუშაობას იანვრიდან აუცილებლად განაახლებს და კონკრეტული წინადადებები მომზადდება სასამართლო რეფორმაზე, რაც წინა ტალღების ანალიზს დაეფუძნება. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ჩვენ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა გავატარეთ, რის საფუძველზეც მუნიციპალური არჩევნები ჩავატარეთ, ფუნდამენტურმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო მუნიციპალური არჩევნების კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარებას. აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მიჩვეული არ ვიყავით 2012 წლამდე. გახსოვთ, რომ მაშინ იყო მუდმივი უკუსვლა დემოკრატიული განვითარების კუთხით. ჩვენ ეს ტენდენცია შევცვალეთ და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.