ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს ზონალურ-საათობრივი პარკირების რამდენიმე პაკეტს სთავაზობენ.
თბილისის მერის მოადგილის, ხმალაძის თქმით, მათ შორის არის 800-ლარიანი პაკეტი, რომლის შემთხვევაშიც ისინი პარკირებით მთელი წელი უფასოდ ისარგებლებენ.
მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი 1 ლარია, წლიური 50 ლარი ღირს და ამ მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება.
„პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო კი 50 ლარი. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო. შესაბამისად, საკრებულოში რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6-თვიანი და ერთდღიანი, რომლითაც შეუძლიათ, მსურველებმა ისარგებლონ. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ობცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება. დამატებითი ობციის სახით არის შემოტანილი წლიური, 6-თვიანი და ერთდღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნესსექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ“, - განაცხადა ხმალაძემ.