„ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს გრძელი სკამი, სადაც ადამიანებმა შეიძლება ადვილად ჩაანაცვლონ ერთმანეთი და ამით ქვეყანა მხოლოდ განვითარდება და არავის არაფერი დააკლდება“, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარეები მოიყვანა.
„არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც რაიმე უარყოფითის თქვა შეეძლება არჩილ თალაკვაძეზე. უაღრესად კონსტრუქციული და დიდი დამსახურების მქონე ადამიანი, თუნდაც C ჰეპატიტის [ელიმინაციის პროგრამა] ეყოფა ამ ადამიანს. კახა კუჭავას გამოცდილება იგივე საერთაშორისო ურთიერთობებში და გუნდში მუშაობის ყველამ ვიცით. როცა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიციის წევრები ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდათ ამ ადამიანთან. ირაკლი კობახიძეზე არც ვლაპარაკობ. ქართული კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციის, რომელიც მართლაც ევროპული ტიპის კონსტიტუციაა, მთავარი ავტორი არის, რომელმაც პრინციპულად დაიცვა ყველა სიტყვა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ ცვლილებები, საბოლოო ჯამში, ნათლად აჩვენებს რამდენად ძლიერი გუნდია „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა სუბარმა.