„როგორც წინა პროცესზე ვიხილეთ, მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად მოუწია ბრალის აღიარება. გარკვეულ ხარჯებთან დაკავშირებით მან დაადასტურა ბრალეულობა და ის, რომ ამ სიკეთეებით უშუალოდ თავად სარგებლობდა“, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ბრალდების მხარეს იმდენად უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი საქმეში, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ამ მტკიცებულებებს დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება ტაილანდს და თითქოსდა სახელმწიფო ვიზიტებით იქ გამგზავრებას, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საქმეში საპირისპირო მტკიცებულებები არის წარმოდგენილი - წარმოდგენილია თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები. მაშინაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა ოფიციალურ ვიზიტებს და თუ რაიმე სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა ბრალდებული სააკაშვილი რომელიმე ქვეყანაში, ამისთვის წინასწარ იქნებოდა შედგენილი შესაბამისი პროტოკოლი და ეს არ იქნებოდა გასაიდუმლოებული ხარჯი“, - განაცხდა ტყეშელაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.