„სააკაშვილის დროს თუ რაიმე გაკეთდა, რაც პუტინის სტრატეგიულ გეგმებს შეესაბამებოდა, ყველაფერს ჰქვია სააკაშვილის სახელი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მან შეაფასა გიორგი მარგველაშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია. ვოლსკის თქმით, ასეთი სახის განცხადება უსაფუძვლოა.
„ასეთი სახის განცხადება არის არა თუ უსაფუძვლო, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ნიშანსაც ატარებს, საკმაოდ უარყოფითს. თუ რაიმე გაკეთდა სააკაშვილის დროს, რაც პუტინის სტრატეგიულ გეგმებს შეესაბამებოდა, ყველაფერს ჰქვია სააკაშვილის სახელი. დაინგრა მოლაპარაკების ფორმატები, ის ფორმატები, რასაც ამერიკა და ევროკავშირი წლების მანძილზე ჩვენთან ერთად აშენებდნენ. დესტაბილიზაცია სწორედ ის გეგმაა, რაც რუსეთს აქვს. არ არსებობს არც ერთი სხვაობა ქმედებაში, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ და ასეთ ბოდვებს არ ავყვეთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მან შეაფასა გიორგი მარგველაშვილის განცხადების ის ნაწილიც, სადაც ამბობს, რომ „საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს“.
„რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა საუბარი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა? დანაშაული რა მაღალი თანამდებობის პირმაც არ უნდა ჩაიდინოს, არ უნდა ვიმსჯელოთ მისი ბრალდებისგან გათავისუფლებაზე. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს. არ მგონია, რომ პატიმარი სააკაშვილი, სულელური ფორმულებით მოლაპარაკე მარგველაშვილი და ზურაბიშვილის ფორმატი რაიმე ისეთს წარმოადგენდეს, რასაც შეუძლია, ქვეყნისთვის რაიმე სიკეთე მოიტანოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.