„თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
ვიცე-მერმა ის რაიონები დაასახელა, სადაც ახალი საბავშვო ბაღები აშენდება.
„მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია შემდეგ მისამართებზე: ისნის რაიონში, კერძოდ, ნავთლუღში; კრწანისის რაიონში, კერძოდ, ოქროყანის დასახლებაში; სამგორის რაიონში, ლილოსა და აფრიკის დასახლებებში; ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩის მიმდებარედ. გარდა ამისა, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაგეგმილია №19 ბაღის ავარიული შენობის ადგილზეც“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.