logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ზურაბ აზარაშვილი არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი
- +

27 დეკემბერი. 2021. 23:38

 

 

„ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად შევარჩიე იმიტომ, რომ ის არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი, მაღალი დონის ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ეკა ტიკარაძე მისი გადაწყვეტილებით გადადგა. მას მადლობა გამოვუცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მადლობა მას ამ საქმიანობისთვის, იმიტომ, რომ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მას მინისტრობა, პანდემიის დროს, ფაქტობრივად ორი წელი და მინდა მას წარმატება ვუსურვო.

 

რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს და ზოგადად, ჩემს გადაწყვეტილებას - მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს სამინისტრო არის უზარმაზარი. აქ შედის როგორც ჯანდაცვა, ასევე დევნილთა საკითხები, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, რომელიც საჭიროებს მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, მმართველს, რომელიც ყველა მიმართულებას სათანადოდ დაალაგებს და მოიყვანს წესრიგში. რატომ შევარჩიე ზურაბ აზარაშვილი - იმიტომ, რომ ის არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი, მაღალი დონის ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. მე იგი დავნიშნე „დელტას“ ხელმძღვანელად,  შემდეგ თბილავიამშენის გენერალურ დირექტორად და ბევრი წარმატებული პროექტი ერთად განვახორციელეთ. მე მაშინ დავინახე ის უნარები, გონიერება,  კეთილსინდისიერება, საქმისადმი დამოკიდებულება, მისი უნარები, რომ სიღრმეში ჩავიდეს და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. მთავარი მოტივაცია ისაა, რომ ეს სამინისტრო მართავს ბიუჯეტის თითქმის მესამედს - 6 მილიარდ ლარს. ახლა მე ვიწყებ ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა. მე ვცვლი სოციალურ პოლიტიკას. მე ვფიქრობ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა არის საზოგადოების პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეფორმას და გარდაქმნას. ევროპული გამოცდილება შევისწავლეთ. ჯგუფიც მყავდა გაშვებული ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, რომელთაც ჩამომიტანეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ევროპაში აპრობირებული და გამოცდილია. მინდა, რომ შევცვალო სოციალური პოლიტიკა -  ეს არის ჩემი ამბიცია, გეგმა, ოცნებაც დაარქვით,  - ის მანკიერი სოციალური პოლიტიკა, რომელმაც თავისი თავი უკვე ამოწურა. თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ იმუშაოთ, შეეგუეთ სიღარიბეს და იცხოვრეთ მუდმივად სიღარიბეში. ეს არის კატასტროფა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ არის საშინელი დეპრესია, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობის განცდა ამ ადამიანებში. 600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და სახელმწიფო მათ უხდის სოციალურ დახმარებას, რატომ? იმისთვის, რომ არ იმუშაონ. ეს დანაშაულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner