„მადლობას ვუხდი რეჯეფ თაიფ ერდოღანს განსაკუთრებული, გულთბილი დახვედრისთვის, ჩვენ გულახდილი, ძალიან გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ ურთიერთობებს კი შენარჩუნება, გაძლიერება და გაღრმავება სჭირდება.
„თურქეთთან ჩვენ ძალიან ახლო, მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაქვს. მე მადლიერი ვარ პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული, გულთბილი დახვედრისთვის. ჩვენ არაერთი შეხვედრა და მათ შორის, სატელეფონო საუბარი გვქონდა და გულახდილი, ძალიან გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს. თურქეთი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები. ამ მიმართულებით მე ყველაფერს ვაკეთებ და მიხარია, რომ იგივე განწყობაა თურქეთის პრეზიდენტისგან. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია რეგიონში ვაჭრობის, ეკონომიკის განვითარება, ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ამბიციური გეგმაც გვაქვს დასახული. ვფიქრობ, რომ დღეს არის ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.