„საქართველო-სერბეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა სერბეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დუბრავკა ფილიპოვსკისთან ონლაინ შეხვედრა გამართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოსა და სერბეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარებასა და პრიორიტეტულობაზე ისაუბრეს.
თამარ ტალიაშვილმა დუბრავკა ფილიპოვსკის თანამშრომლობის ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება შესთავაზა, რომელშიც აქცენტირებულია პოლიტიკის, ბიზნეს-ეკონომიკის, ინოვაციების, განათლებისა და კულტურის მიმართულებები.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველო-სერბეთს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს წევრობაზე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში და Creative Europe-ის ევროკავშირის ახალ პროგრამაზე, რომელიც ევროპული კულტურისა და და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიქმნა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილი პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც თანამშრომლობის აქტიურ ეტაპზეა.
დუბრავკა ფილიპოვსკიმ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი სერბეთში, დავით დონდუა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ილია კობერიძე.