logo_geo
eng_logo
საკრებულოში მინი ფეხბურთის „სასკოლო ლიგა 2021“-ის ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
- +

28 დეკემბერი. 2021. 20:47

 

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2021“-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიება, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენები 11 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინი ფეხბურთის „სასკოლო ლიგა 2021“-ის ნომინაციებში გამარჯვებულებს  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიესალმა  და ახალგაზრდა სპორტსმენებს კიდევ მრავალი წარმატება უსურვა.

 

„ეს პროექტი ორი წლის წინ თბილისის საკრებულოს ინიციატივით დაიწყო. წელს ამ პროექტში 1000-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ნაკრები გუნდი როგორც ევროპის ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე არის წარმოდგენილი და მჯერა, რომ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს წინ კიდევ მრავალი წარმატება აქვთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას, თბილისის მერიას. პროექტი კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

„მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“  სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ,  თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სააფთიაქო ქსელის „პსპ“ მხარდაჭერით, კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა.

 

მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით მას შემდეგ წარმატებით ხორციელდება. წელს ტურნირმა ფართო მასშტაბები მიიღო და საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა.

 

„სასკოლო ლიგის“ ბაზაზე ახალგაზრდული ნაკრები ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. მსოფლიო თასზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქში, ქალაქ კიევში გაიმართა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. გუნდები   17-დან 23 წლამდე ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული.

 

პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner