logo_geo
eng_logo
ანა დოლიძე: სააკაშვილს არ აქვს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება
- +

2 აგვისტო. 2016. 20:50


 


პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, არ აქვს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება. მისივე თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი თავშეუკავებელი ქცევით ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველო-უკრაინის მეგობრულ ურთიერთობას.

 

„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. მას როგორც პირს, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება საქართველოში არ აქვს. გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბატონი სააკაშვილი ცდილობს რეპუტაცია შეულახოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის როლიც მნიშვნელოვანია საარჩევნო ციკლში. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ მან საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავშეუკავებელი ქცევით არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულ-უკრაინული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და ბუნებრივია, საკუთარი ქმედებებით იგი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მშვენიერ, კეთილმეზობლურ ურთიერთობას", - განაცხადა დოლიძემ.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანქციის გამოყენებისკენ მოუწოდებს.


საია-ში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. კერძოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, „საარჩევნო კოდექსის" თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნულის გამო საია უსკო-ს მიმართავს, სააკაშვილის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისთვის გათვალისწინებული სანქცია გამოიყენოს, რაც გულისხმობს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner