პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში აპარატში მუშაობის 25 წლის სტაჟი აქვთ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ადამიანები წლების განმავლობაში საკუთარ ვალდებულებას უზადოდ ასრულებენ და იცავენ პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას.
„25 წელია, ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტს და ამით ჩვენს ხალხს ემსახურებიან. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ისეთ ორგანოში, რომელიც არის პოლიტიკურად ერთ-ერთი ცვალებადი ორგანო და სადაც შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით ცვლილებები, იყვნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ ინსტიტუციური მეხსიერება და საკუთარ ხალხს ემსახურებიან. ჩემთვის ახალია ამ პოზიციიდან თქვენთვის მომართვა და სასიხარულოა, რომ პირველივე ღონისძიება, რაც მიწევს, ამ რანგში ჩავატარო, არის ღვაწლმოსილი თანამშრომლების გამორჩევა და დაჯილდოება. ჩვენ ამ დღეებში და არა მხოლოდ ამ დღეებში, ხშირად ვიყენებდით სიტყვას „საპარლამენტო სუვერენიტეტი“ და სხვათა შორის, იშვიათად ხდებოდა თითქოს, ამ ტერმინის გამოყენება. არადა პარლამენტი როგორც ინსტიტუცია მნიშვნელოვანია, რადგან ის არის უშუალო კავშირი ხალხსა და ძალაუფლებას შორის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს ხალხს და აქედან გამომდინარე, აქვს ლეგიტიმაციის ყველაზე მაღალი ხარისხი.
„ეს არის პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი. ამ ტვირთის ზიდვა რთულია ისე, რომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პროფესიონალიზმთან, ცოდნასთან ერთად აქვთ, ასევე, ინსტიტუციური მეხსიერება. ალბათ, პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერება, ვინაიდან, აქ ყველაზე ხშირად ხდება ცვლილებები, აქ ყველაზე რადიკალურად შეიძლება მოხდეს ცვლილებები პოლიტიკური გემოვნების, პროგრამების თუ მიმართულებების მიხედვით. მნიშვნელოვანია, ამ ცვლილებებში და იმ ინსტიტუტში, რომელიც, თავის მხრივ, განწირულია ცვლილებებისთვის, იყოს სტაბილურობის კუნძული და ეს სტაბილურობის კუნძული არიან სწორედ თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ ინსტიტუციური მეხსიერება. სულ რამდენიმე დღეა, რაც ამ მოვალეობის შესრულებას შევუდექი და უკვე ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე არ ხდებოდეს სუფთა ფურცლიდან დაწყება და შესაძლებელი იყოს, რომ მთელი ისტორია რაღაც საკითხების ირგვლივ იცოდეს ვინმემ, რათა არ მოხდეს ხელახლა ბორბლის გამოგონება. ეს ტრადიცია, როგორც ვიცი, არჩილ თალაკვაძემ შემოიღო, რომ განსაკუთრებულად გამოერჩია და პარლამენტის დამოკიდებულება ეჩვენებინა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან ამ ინსტიტუციას, შესაბამისად, საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ვფიქრობ, მართლაც გამორჩეული ტრადიციაა”, - მიმართა აპარატის თანამშრომლებს პაპუაშვილმა.