2022 წლის 5 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან. საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ვენდი შერმანს კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მომავალ კვირას აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის მოადგილის დღევანდელი საუბარი აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სრულიად მიუღებელია. ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.