„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული შენიშვნები დაყვანილია პერსონალურ საკითხებამდე, რაც არასწორია, როდესაც ინსტიტუციურ განვითარებაზე ვსაუბრობთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ინსტიტუციური კუთხით პარლამენტმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ეს რომ ასეა, აღარავინ კამათობს.
„რამდენი ხანია დისკუსია მიდის. ყველა დავაკვირდით, რომ არ თქმულა არცერთი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ უნდა არსებობდეს ორი ინსტიტუცია - ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და ცალკე - საგამოძიებო სამსახურის კუთხით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ორი ინსტიტუცია არის საჭირო, აუცილებელი და სწორი. ასე რომ, ამ გადაწყვეტილების შინაარსთან და ზოგადად, რეფორმის არსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნილია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.