„იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც UNESCO-ს მიერ შედგენილ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავა შეყვანის საკითხს გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, იუნესკოს საქართველოს მთავრობასთან აქვს შეკითხვა გაგზავნილი, რა ვითარებაში გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. მისივე თქმით, იუნესკოს სიაში ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 11 ივლისის ნაცვლად 5 ივლისი შეცდომითაა ჩაწერილი.
„იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადოებამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლითა თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და პასუხს ელოდებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი არ არის.