„რამდენი ახალი შტამიც არ უნდა დაანონსდეს, რამდენად დაუსრულებლადაც არ უნდა გეჩვენოთ დღევანდელი განსაცდელი, პანდემია აუცილებლად დასრულდება! ეს გარდაუვალია!“, – ამის შესახებ ჟურნალ “კარიბჭეს” მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი “ფეისბუქზე” წერს და წინა საუკუნეებში გამოვლილ პანდემიებს იხსენებს.
მისი თქმით, ადამიანებმა იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან კოვიდპანდემია, ისევე როგორც სხვა ყველა პანდემია, მალე დასრულდება.
“მეგობრებო, ტკივილებისგან დაღლილებო, უიმედობისგან გამოფიტულებო, ჩემო ტკბილებო, ჩემო კეთილო ადამიანებო.
კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა ამაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობანი, ყოფილა პანდემიები, რომლებმაც ასეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ყოფილა ისეთი დაავადებები, რომლებიც, თუ ვინმეს დაემართებოდა, 100%-იან გარდაცვალებას იწვევდა… ჟამიანობისას მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი გაწყვეტილა… ჩვენ მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე ვკითხულობდით ამ ამბებს და გათავისების უნარი არ გვქონდა… აბა, წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა მაშინდელი მსოფლიო საზოგადოება… მედიცინის ისტორიაში იძულებითი ვაცქინაციებიც ყოფილა, ჯანმრთელობის ბარათებიც, პირბადეებიც, ძალადობრივი იზოლაციაც – სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა სახით… მაშინაც იყო შიში, გაურკვევლობა, უიმედობა, სასოწარკვეთილება… ჰოდა წაიღო დრომ ყველაფერი… წაიღო და ისევ გაიღიმა ადამიანმა, ისევ შეძლო სიყვარული, ისევ შეუდგა ჩვეულ ცხოვრებას… ალბათ მაშინაც დიდი თვალები ჰქონდა შიშს, მაგრამ ერთი რამ არ ჰქონდა მაშინდელ პანდემიებს – საზოგადოების კომუნიკაცია ასეთი დოზით. ჰო, ფეისბუქი არ ჰქონდათ ადამიანებს… და ამიტომ ვერ უხეთქავდნენ ერთმანეთს გულებს, ვერ ლანძღავდნენ საჯაროდ განსხვავებული აზრისთვის, საშიში ინფორმაციებით სულიერად ასე ვერ არყევდნენ ისედაც გაურკვევლობაში მყოფებს…
ეს ყველაფერი იმისთვის გავიხსენე, რომ ვატყობ, უიმედობა შეეპარა ბევრს ხმაში… არ უნდა დავუშვათ ეს, ჩემო მეგობრებო! რამდენი ახალი შტამიც არ უნდა დაანონსდეს, რამდენად დაუსრულებლადაც არ უნდა გეჩვენოთ დღევანდელი განსაცდელი, პანდემია აუცილებლად დასრულდება! ეს გარდაუვალია! მსგავსი ცვლილებები ახასიათებს ყველა ვირუსს, რომელთაც აქამდე გამოუწვევიათ პანდემიები. აგერ მე-20 საუკუნის დასაწყისში ისპანკის საშინელი ეპიდემიაც გვახსოვს და სამ წელიწადში მოინელა საკუთარი თავი.
ძალიან მალე დამთავრდება გაურკვევლობა და ჩვენ ისევ ჩვენ ვიქნებით – ბევრ რამეზე დაფიქრებულები, უფრო ფრთხილები, უფრო გამოცდილები…
არაფრის შეგეშინდეთ რა, სულ ცოტაც გავუძლოთ, სულ ცოტაც მოვითმინოთ, ფსიქიკას გავუფრთხილდეთ, ჩემო მეგობრებო, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! პანდემია მალე დასრულდება – ყველაფერს აქვს დასასრული და იმიტომ! ნუ გეშინიათ”, – წერს თამარ მამაცაშვილი სოციალურ ქსელში.