საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ბოლო წლებია „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რასაც საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასარგებლო იქნება, თუ დესტრუქციას შეცვლიან და ოდნავ პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას შეძლებენ.
„ბოლო წლების განმავლობაში დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მთელი ბუკეტი აქვთ საზოგადოების წინაშე გამოტანილი, რასაც საბედნიეროდ არანაირ მხარდაჭერა არ აქვს. გამომდინარე აქედან, თუ ისინი დესტრუქციას შეცვლიან და ოდნავ პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას შეძლებენ, ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.