logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულოში სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის საღამო გაიმართა
- +

10 იანვარი. 2022. 23:02

 

 

„დღეს, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისი ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე უძღვებოდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა, სერგო ფარაჯანოვის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა და ამასთანავე აღნიშნა, რომ ფარაჯანოვის ხელოვნება და შემოქმედება პროფესიონალების შესაფასებელია და სათანადოდ არის დაფასებული.

 

სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების მნიშვნელობაზე ნინო რუხაძემ ისაუბრა.

 

„დღეს გადავწყვიტეთ დიდი კინორეჟისორის იუბილე დედაქალაქის საკრებულოში აღგვენიშნა. სერგო ფარაჯანოვი ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ფიგურაა კინემატოგრაფიის და საერთოდ, ხელოვნების ისტორიაში, რომელიც ორიგინალური გამონათქვამებით და ფილმებში მისი ნოვატორული სახეებით არის გამორჩეული“,- აღნიშნა ნინო რუხაძემ.

 

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სერგო ფარაჯანოვი გაიხსენეს, მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს და რეჟისორის თბილისისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულზე ისაუბრეს.

 

საღამოზე ასევე იური მეჩითოვის მიერ გადაღებული სერგო ფარაჯანოვის ფოტოებისა და ქართველ სომეხთა კავშირის მიერ ორგანიზებული დიდი რეჟისორის სახელობის კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა შედგა.

 

ღონისძიების დასასრულს, რომელსაც საკრებულოს წევრები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, პიანისტმა დინი ვირსალაძემ სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა.

 

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის სექტემბერში მთაწმინდაზე ქუჩას, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner