„ნაციონალური მოძრაობაში“ მომხდარი ცვლილებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება კულმინაციას მიაღწევს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მელიას და მისი გუნდის უფლებები ეტაპობრივად იზღუდება, სააკაშვილი ცდილობს საკუთარი გავლენები გაზარდოს, ნაყოფიას და ცისკარიშვილის დაწინაურება აღნიშნულ მიზანს ემსახურება, ორივე მიშას ძველი მებრძოლი და მისი ფანატია.
მელია პარტიის ნომინალურ თავმჯდომარედ რჩება, რომლის სიტყვასაც პარტიაში ფასი არ აქვს. საინტერესოა უფლებებშეკვეცილი მელია რამდენი ხანი გაჩერდება პარტიაში...
რაც შეეხება ნაყოფიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ნაყოფია როგორც პოლიტიკოსი ვარსკვლავებს ნამდვილად არ ეთამაშება, მისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე არ გამოვა, ის უბრალოდ დაკვეთის შემსრულებელია, დამკვეთი კი სააკაშვილია, რომელმაც ნაყოფიას სახით, სცენაზე მორიგი თოჯინა გამოაგდო.
ადამიანის განათლებაზე საუბარი უხერხულია, მაგრამ ფაქტია ნაყოფიას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, როგორც ეკონომიკური, ასევე, ადამიანური, განათლება რუსეთში მიიღო, ხოლო მისი შვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობს. პარტიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსული ელფერი აქვს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.