„პუტინი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს დასავლეთზე. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა ბერლინში, ახალი პრეზიდენტია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და პუტინს სურს ევროპისა და აშშს ერთიანობა გახლიჩოს. პუტინს სურს ზეწოლის გაძლიერება NATO-ს მადრიდის სამიტამდე, რათა ძლიერი მხარდაჭერის დაფიქსირებას გაფართოების შესახებ საფრთხე შეუქმნას. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რუსეთი ვერასდროს და არასდროს მიიღებს გარანტიას, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდებიან. ალიანსის კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს“, - ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალური მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ქრონიკა“-სთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ საქართველომ შეასრულა NATO-ს მოთხოვნები და დააკმაყოფილა გასაწევრიანებლად საჭირო კრიტერიუმები. უკრაინა ძალიან ახლოა, რათა დააკმაყოფილოს საჭირო კრიტერიუმები. სწორედ ამიტომ პუტინი მუდმივად იმუქრება, ახალ-ახალი კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს, ოკუპირებული აქვს საქართველოს განუყოფელი რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოახდინა ყირიმის ანექსია, დესტაბილიზაციას ქმნის აღმოსავლეთ უკრაინაში. მე მსურს ასეთი ვარიანტის განხილვა მოხდეს და ეს არის ჩემი შეთავაზება. ცივი ომის დროს გერმანია NATO-ს წევრი გახდა აღმოსავლეთ გერმანიის გარეშე. ეს ტერიტორია არ შედიოდა დასავლეთ გერმანიის მთავრობის კოტროლს ქვეშ. ჩვენ ნება დავრთეთ დასავლეთ გერმანიის გაწევრიანებას. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ზუსტად ეს გავაკეთოთ საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში. განვაცხადოთ რომ დიახ, საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს NATO-ში, მაგრამ რადგან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ამ ორ ოკუპირებულ რეგიონს არ მოიცავს NATO-ს მეხუთე მუხლი. იგივე სცენარი უკრაინაზე. გვაქვს პრეცედენტი და უნდა განვიხილოთ ეს მოდელი. ამით ავიცილებთ თავიდან ვითარებას, როდესაც რუსეთი როგორც კარისკაცი გადაწყვეტს, თუ როდის გავხსნათ NATO-ს კარი“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.