ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ჯანმრთელობის ბიოლოგიური საფრთხეებისა და ვაქცინების სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარკო კავალერიმ განაცხადა, რომ ყოველ ოთხ თვეში ერთხელ გამაძლიერებელი დოზის შეყვანის სტრატეგიამ ადამიანების იმუნური სისტემის გადატვირთვის რისკი შეიძლება შექმნას.
„თუ გამაძლიერებელი დოზის შეყვანა ძალიან ხშირად მოხდება, ვთქვათ, ყოველ ოთხ თვეში ერთხელ, საბოლოო ჯამში, იმუნური პასუხის პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ანუ, იმუნური პასუხი იმდენად კარგი არ იქნება, როგორც გვსურს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა იმუნური სისტემა არ გადაიტვირთოს. გარდა ამისა, ასევე არსებობს იმის რისკი, რომ მოსახლეობა გადაიღლება გამაძლიერებელი დოზების მიღებით“, - აღნიშნა მარკო კავალერიმ.
მისი თქმით, განმეორებითი ვაქცინაცია მოკლე ინტერვალებით მდგრად გრძელვადიან სტრატეგიას არ წარმოადგენს.
„თუ იდეალურ სიტუაციას განვიხილავთ, ენდემური სცენარის შემთხვევაში, გამაძლიერებელი დოზის შეყვანა წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს“, - განაცხადა მარკო კავალერიმ.