logo_geo
eng_logo
ხათუნა ბურკაძე: ჩვენი სუვერენული ინტერესების დაცვისათვის, პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სათანადო გეგმაა მისაღები
- +

12 იანვარი. 2022. 19:48

 

 

„რუსეთის ულტიმატუმები წესებზე, საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ეწინააღმდეგება და დიდი ზიანის მომტანია საერთაშორისო მშვიდობისათვის, უსაფრთხოებისათვის. ის არის მცდელობა ე.წ. „გავლენის სფეროების“ აღდგენისა და სახელმწიფოთა სუვერენული ნების შელახვისა. ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პოზიციაა, აშშ არ მიიღებს გადაწყვეტილებებს ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროპელების გარეშე, ასევე, უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით - უკრაინისა და საქართველოს გარეშე“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომისა და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სერგეი რიაბკოვთან თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა, „ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“.

 

„ეს დასტურია იმისა, რომ ნატო-ს გაფართოების პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არ გადაიხედება, რაც დაცულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლით. კერძოდ, ნატო-ში წევრობა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ალიანსში წევრობის მსურველი ევროპული სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და წვლილზე ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და, მეორე მხრივ, ნატო-ს ყველა წევრის გადაწყვეტილებაზე მხარი დაუჭირონ ალიანსში ახალი წევრის მიღებას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

როგორც ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვამდე სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან. ასევე, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. ამასთანავე, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა და გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით კი რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. „ასევე, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ყველა სცენარისათვის მზად არიან“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

„საერთაშორისო არენაზე განვითარებული მოვლენების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ერთიანი ძალისხმევითა და პარტნიორებთან სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებების გაძლიერებით, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სათანადო სამოქმედო გეგმა შემუშავდეს, რომელშიც აისახება სხვადასხვა დონეზე განსახორციელებელი შემაკავებელი ზომები დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვითი ინსტრუმენტების გათვალისწინებით. ასევე, აღნიშნული გეგმის მეშვეობით საჭიროა განისაზღვროს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი სტრატეგიულად ურთულეს გარემოში. ეს კი როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო, კერძო აქტორების უპრეცედენტოდ კონსოლიდირებულ ჩართულობას მოითხოვს. დღევანდელი მოცემულობა გვკარნახობს დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ მოქმედებებს, რათა ჩვენი სახელმწიფოებრივი, სუვერენული ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner