„უკრაინის მხარდამჭერ რეზლუციას მხარი მას შემდეგ დავუჭირეთ, რაც ვერ დავარწმუნეთ „ქართული ოცნება“, რომ იქ ყოფილიყო დამატებული რუსეთი, თუმცა თვითონ რეზოლუციის შინაარსი მთლიანად ეხებოდა რუსეთს. შესაბამისად, ეს შინაარსი, ჩემი აზრით, ცალსახად უკრაინის მხარდამჭერია და ამიტომ ის იმსახურებდა მხარდაჭერას“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ეს რომ ასე არის, ამას ადასტურებს დღევანდელი გამოხმაურება უკრაინიდან. საგარეო საქმეთა მინისტრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ რომ გადაიხადეს მადლობა, ეს ადასტურებს, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ და რადამ ეს რეზოლუცია მიიღო, როგორც მათი მხარდამჭერი რეზოლუცია და ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვანაირად იყოს განხილული. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ რეზოლუციაში რომ ყოფილიყო ჩაწერილი რუსეთი, ეს შეცვლიდა იმას, რომ ზედმეტი პოლემიკა არ იქნებოდა. ეს შეცვლიდა ასევე იმას, რომ ამ დოკუმენტს ექნებოდა მრავალპარტიული მხარდაჭერა - ვფიქრობს, რომ სრული მხარდაჭერა, ამ რეზოლუციას უფრო მნიშვნელოვანს გახდიდა. მთავარი ამ ისტორიაში არის ის, რომ უკრაინამ ეს რეზოლუცია მიიღო. მე, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამ რეზოლუციას ვაწერ ხელს და ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ხმა მივეცი დოკუმენტს, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.