logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე: დონბასის პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
- +

15 თებერვალი. 2022. 22:50

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მოწოდებას დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების თაობაზე.

 

„პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი დონბასის პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ამოსავალი წერტილი მინსკის შეთანხმებების ბოლომდე არარეალიზებული შესაძლებლობები იყოს“, - განაცხადა პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ.

 

მისივე თქმით, პარლამენტში ამ საკითხზე კენჭისყრისას დეპუტატები „საკუთარი ამომრჩევლების აზრით“ ხელმძღვანელობდნენ.

 

„ნათელია, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მოსახლეობას, მხარს უჭერს მას და იმედი აქვს, რომ იქ არსებული სიტუაცია ხალხის სასიკეთოდ შეიცვლება“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

 

თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მინსკის შეთანხმებებს დაარღვევს და „პოლიტიკურ კატასტროფას“ გამოიწვევს.

 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიაროს.