„ტყუილია, თითქოს ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის ფორმალური საფუძველი არ არსებობდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
„კონსტიტუცია განსაზღვრავს ამას, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დგინდება დანაშაული ფაქტი და იქ, მერე სასჯელი შეუფარდეს, ვის არ შეუფარდეს, ვინ გაათავისუფლეს, ვინ ამნისტიაში მოჰყვა და ა.შ, კანონისთვის საერთოდ უმნიშვნელოა. ასე რომ, მოცემულ შემთხვევაში მანდატის ჩამორთმევის ყველა ფორმალური საფუძველი უდაოდ არსებობდა და პირდაპირ ვიტყვი, ეს ამ შემთხვევაში სპეკულაციებია. ოპონენტები ხავსის მაგვარ მიზეზს ეჭიდებიან, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება ისე, რომ ამგვარად გაამართლონ თავიანთი მე ვფიქრობ, სასოწარკვეთილი პოზიცია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მხრიდან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უმიზეზოდ ითხოვდნენ და ოპოზიციის მხრიდან ეს იყო ერთ-ერთი დესტრუქციული ელემენტი.
„თქვენ გახსოვთ, ერთ-ერთი დესტრუქციული ელემენტი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა, მაინც ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოსო. ასეთი მიდგომა ხომ გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის, ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის? ამიტომ გვინდოდა, ვადამდელი არჩევნების უმიზეზოდ დანიშვნის საკითხი საერთოდ გასულიყო ქართული პოლიტიკური დისკუსიის სივრციდან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.