„ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და თავდადებული საზოგადოება უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი არის ქართული საზოგადოება და ქართველები, ჩვენ ამას ვამტკიცებთ ყოველ წუთს და ყოველ საათში, ეს იმდენად ნათელია, რომ დამატებითი მტკიცება არ სჭირდება, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„მეორე არის დამოკიდებულება ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი და მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი. ბოლო განცხადებები მეტყველებს, რომ უკრაინის ხელისუფლება იყო დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების შეცვლით, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ქვეყანა ჩამოქცეულიყო, რადგან სამხედრო კონფლიქტში ჩაბმა რუსეთთან იგივე იყო საქართველოსთვის, რაც ქვეყნის ჩამოქცევა.
ჩვენ ვხედავთ, რა სიმწვავის და რა სიმძიმის დარტყმებს აყენებს რუსეთი უკრაინას. ის არ ინდობს საკუთარ ერს, უკრაინის ნახევარი რუსული წარმოშობის ადამიანები არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მარტივად შეგვიძლია, დავასკვნათ, რა ელოდებოდა საქართველოს, ის პროვოკაცია რომ მომხდარიყო, რომლიც ჩაფიქრებული იყო და რომელიც ხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და უკრაინის ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, საქართველოზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს.
„ჩვენ ვართ მოწმე აბსოლუტურად უპრეცედენტო ზეწოლის საქართველოზე. ამ უპრეცედენტო ცილისმწამებლური კამპანიაში მონაწილეობენ უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, მათი პრესსპიკერები, უკრაინის რადას თავმჯდომარე, უკრაინის რადას დეპუტატები და ა.შ. დღეს დილასაც მოვისმინეთ ზელენსკის ინტერვიუ, სადაც საუბრობდა, რომ რუსეთი დაკარგავს აფხაზეთსო, თუ ასე გაგრძელდაო. არ გაახსენდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთი აფხაზეთს ვერ დაკარგავს, რადგან აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ასე იქნება სულ“,-განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, საქართველოს ერთგულება უკრაინის მიმართ ცალსახაა, თუმცა ხაინდრავას თქმით, მიუღებელია ის, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთან მიმართებაში ჩადიან.
„საქართველოს მტრები მოკალათებული არიან უკრაინის ხელისუფლებაში, ვგულისხმობ აქედან გაქცეულ დამნაშავეებს, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი საქართველოს და მისი მოსახლეობის წინაშე. ვგულისხმობ ადეიშვილს, მერაბიშვილს, ოქრუაშვილს, ლორთქიფანიძეს. არც ფარავენ და არც მალავენ. დანილოვის განცხადების მერე ნათელი გახდა – ისინი ყველანი ერთად მონაწილეობენ მცდელობაში, რომ საქართველო ჩაეთრიათ ომში და მეორე ფრონტი გახსნილიყო. ამაზე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ღიად ლაპარაკობს, ეს იყო მათი ამოცანა. აქედან გამომდინარე, მინდა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას – როდემდე უნდა ვითმინოთ ჩვენ ამ პროვოკატორების თარეში საქართველოში, როდემდე უნდა ითმინოს საზოგადოებამ ის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რისი მოწმეებიც ვართ. ეს ხორციელდება ღიად და დაუფარავად. როდის უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის.
ჩვენი ერთგულება, თავდადება უკრაინის ხალხისადმი არის ცალსახა, ამავდროულად აბსოლუტურად მიუღებელია ის ქმედებები, რასაც სჩადიან ზელენსკი, მისი გუნდი და საქართველოდან ჩასული ბოროტმოქმედები, რომელიც მოკალათებული არიან უკრაინის ხელისუფლებაში.
ამიტომ მინდა, მოვთხოვო საქართველოს ხელისუფლებას, რომ იყოს მიღებული კონკრეტული ზომები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბოროტმოქმედების და ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების თარეში საქართველოში დასრულდეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.