პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე ფარული ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ. ამის შესახებ არეშიძემ 2030. news-ს განუცხადა და აქვე დასძინა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპაუშვილი უკვე ინფორმირებულია და მასთან კონსულტაციები გავლილია. მამუკა არეშიძის თქმით, ასეთი ქმდება, თუკი ეს მართლაც მოხდება, მიმართული იქნება საარჩევნო პროცესის და ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მოსალოდნელი ფარული ჩანაწერების გავრცლების შესახებ რამდენიმე წყაროსგან შეიტყო და ერთ-ერთი არის საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი.
,,ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მზადდება ასეთი აქცია, როგორიც არის ფარული ჩანაწერების გავრცელება საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე. ეს რამდენიმე წყარომ შემატყობინა, ერთ-ერთია თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ გავრცელებული ინფორმაციაა გარკვეულ წრეებში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვის აწყობს ამის გავრცელება და ვინ სახელდება გამავრცელებლად. როგორც წყაროები მატყობინებენ, ეს არის ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. წყარო ასევე გვატყობინებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იყო თავად პაპუაშვილთან. რამდენად არის ამაში ჩართული პაპუაშვილი, ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ბინძური საქმით დაკავდება. ვფიქრობ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ორიენტირებული დისკრედიტაციაზე მთელი ამ საარჩევნო პროცესის, ხელისუფლების დისკრედიტაციაზე, თუ მართლა მოხდება ეს ამბავი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.