logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მთავრობის წარდგინების მიუხედავად, პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე უარი თქვა - ეს ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურებულია
- +

30 მარტი. 2022. 13:58

 

 

„მთავრობის წარდგინების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე უარი თქვა, ეს ოფიციალური დოკუმენტებით არის დადასტურებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, კინკლაობის მცდელობაში პრეზიდენტის შეყვანას არავინ აპირებს, მთავრობა მხოლოდ ფაქტებით საუბრობს.

 

„გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა სამი წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია თითქმის ერთი წელი და შესაბამისად, პრეზიდენტმა მათ დანიშვნაზე უარი განაცხადა. ეს რაც შეეხება შარშანდელ სამ წარდგინებას, შესაბამისად, ამ ნაწილში უკვე გვაქვს არასწორი ინფორმაცია, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ, მთავრობამ გააგზავნა წარდგინება 2 ელჩის დანიშვნისა და ერთი ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არა თუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი. ეს ყველაფერი დოკუმენტურადაა დადასტურებული, არის ოფიციალური მიმოწერა, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაუგებარია. ერთი, რაც ჩანს, აშკარაა, რომ პრეზიდენტმა უკან დაიხია, ის ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა-გათვისუფლება არ არის რეალურად პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ ასახავს რეალურ სურათს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით კი, სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი 12-ვე კანდიდატურა დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner