„შეიძლება, არის მცდელობა, რომ ჩვენ რაღაც კინკლაობაში შეგვიყვანონ. ამას არ ვაპირებთ. ჩვენ თავის დროზეც ვუფრთხილდებოდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამიტომ არ ვთქვით რაღაცები საჯაროდ, მაგალითად, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ, პრეზიდენტმა განახორციელა ვიზიტი. გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ჩვენ არ ვთქვით, ეს პრეზიდენტმა თქვა ყოველწლიურ მოხსენებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მთავარი მიზანი კონსტიტუციის სათანადო განმარტებაა.
„ჩვენ ახლაც მაქსიმალურად გავუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ კინკლაობაში ჩაგვითრიოს, ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ფაქტებით და ერთადერთი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, ეს იქნება კონსტიტუციის სათანადო განმარტება. ეს განმარტება არის ძალიან მარტივი - თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ოქმები, სადაც აბსოლუტურად ყველა დამსწრე კონსტიტუციონალისტი ადასტურებს, რომ ელჩის დანიშვნის კომპეტენცია არის სიმბოლური და არცერთ სხვა იურისტს ამ კომისიაში განსხვავებული აზრი არ გამოუხატავს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშრებით განცხადება გაავრცელა. „მთავრობა იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, - აღნიშნულია განცხადებაში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.