შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების (CSDP-CR) დირექტორატის ხელმძღვანელს - პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის სამხედრო შტაბისა და სამხედრო მისიების ხელმძღვანელს - ერვე ბლეჟას, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი ბუთხუზმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განსაკუთრებულ როლსა და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.