logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

31 მარტი. 2022. 15:11

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იეპე კოფოდს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბერტელ ჰორდერს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრისას, სადაც ასევე მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, მხარეებმა საქართველოს და დანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა.

 

მხარეებმა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და საქართველოსთვის მისი შესაძლო შედეგები განიხილეს.

 

ქართულმა მხარემ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთისგან მომდინარე მზარდ აგრესიაზე ისაუბრა.

 

სტუმრებმა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

 

შეხვედრისას, ასევე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების კონტექსტს და მის შემდგომ პროცედურებს.

 

დანიის სამეფოს დელეგაციასთან შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით ზილფიმიანი და მარიამ ლაშხი ასევე, კომიტეტის წევრები, გრიგოლ ვაშაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner