„რა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანს, რომელიც ცესკოს ოფიციალურ პირს წარმოადგენს, ადამიანი რომელიც არის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და მისი მოვალეობის შემსრულებელი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ და არჩევნებს აზრს უკარგავს. მისი ბუნდოვანი ლოგიკით, შუალედური არჩევნები საჭირო არ არის და დეპუტატობა მემკვიდრეობით მამიდან შვილზე უნდა გადავიდეს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, სიორიძე ოპოზიციის დაკვეთის უსიტყვო შემსრულებლად და ერთგვარ რუპორად იქცა:
„სიორიძეს, როგორც ცესკოს წევრს, უპირველეს ყოვლისა ობიექტურობა და ნეიტრალიტეტი მოეთხოვება, ის კი პირდაპირ ამბობს, რომ თუ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, გამოდის, რომ გარკვეულ მანიპულაციას ჰქონდა ადგილი და აზრი არ აქვს არჩევნების ჩატარებას (აქვე არ დაგავიწყდეთ რომ არჩევნებს თვითონვე ატარებს, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს), ხოლო თუ ოპოზიციამ მოიგო, მაშინ არც არაფერი, მიიწერს კარგად ჩავატარეთ არჩევნებიო. თან არ დაგავიწყდეთ, რომ არჩევნები ელექტრონულად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, რაც ყოველგვარ მანიპულაციას გამორიცხავს. ბატონ სიორიძეს, ხალხი ავიწყდება, არჩევნების მთავარი შემადგენელი კომპონენტი, არჩევნების შედეგს სწორედ ხალხის მიერ გამოხატული თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს. იცით რა არის ყველაზე მტკივნეული? ადამიანის დეგრადირება. სიორიძე ოპოზიციის ხელში სათამაშოს როლს ასრულებს, ის ოპოზიციის დაკვეთის უსიტყვო შემსრულებლად და ერთგვარ რუპორად იქცა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.