logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასურსათო პროდუქციის მარაგების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

1 აპრილი. 2022. 13:57

 

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიებისა და მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მორგი სამუშაო შეხვედრა გამართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქციის მარაგებისა და ახალი საიმპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

 

„ამ ეტაპზე, ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არის. უამინდობის გამო, გარკვეული შეფერხებები იყო ლარსის საბაჟო პუნქტიდან პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემაც მოგვარდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრებიდან პროდუქციის იმპორტის დროულ და შეუფერხებელ განხორციელებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო პროდუქციის, განსაკუთრებით კი, პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგების შევსება უწყვეტად მოხდეს და ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიების მიერ ალტერნატიული ბაზრების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ბაზრებიდან პროდუქციის შეუფერხებელი იმპორტის განხორციელებისთვის, სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არიან დაეხმარონ იმპორტიორებს შესაბამისი პროცედურული მიმართულებებით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონკრეტული წინადადებების და მიღწეული შედეგების განხილვა სამუშაო შეხვედრების ფორმატში კვლავ გაგრძელდება.

 

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner