„წინასაარჩევნო მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ამ არჩევნებს აქვს სერიოზული დატვირთვა ბათუმისთვის და სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდეს თუნდაც მინიმალური შანსი, დაბრკოლებები შეუქმნას ბათუმის განვითარებას.
„როგორც მოგეხსენებათ ხვალ ქალაქ რუსთავში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფლებში იმართება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჩვენი კანდიდატი, ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი ირაკლი შატაკიშვილი. რუსთაველ და გარდაბნელ ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ, ჩვენს კანდიდატს კი გამარჯვებას ვუსურვებთ.
ასევე, ხვალ ბათუმში იმართება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს მხოლოდ ორი კანდიდატი - ჩვენი კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
ამ არჩევნებს აქვს სერიოზული დატვირთვა ბათუმისთვის. სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდეს თუნდაც მინიმალური შანსი, დაბრკოლებები შეუქმნას ბათუმის განვითარებას და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.
ამ არჩევნებში ჩვენ წარვადგინეთ ღირსეული ბათუმელი კაცი, რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა აჭარას და რეგიონის მოსახლეობას.
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენს კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა „ომის პარტიის“ ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან შედარებით. კერძოდ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ჩვენი კანდიდატი საარჩევნო ოლქში, სადაც დაახლოებით 10 ათასი ამომრჩეველი იღებს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას, რამაზ ჯინჭარაძე სულ მცირე ათასი ხმით იგებს არჩევნებს.
ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან.
ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც, ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ.
მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა.
ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.