„საქართველოს რკინიგზამ“ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. ტექნიკური დახმარების მიზანი - სარკინიგზო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მხარდაჭერაა. საქართველოში ინვესტირებისა და სატვირთო გადაზიდვების ბაზრის გაფართოების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება: ეროვნული სარკინიგზო პოლიტიკის დოკუმენტი, რეგიონულ კონტექსტში - სატვირთო გადაზიდვების ბაზრის კვლევა და მისი განვითარების სტრატეგია. ასევე მომზადდება საინვესტიციო გეგმა (მათ შორის - მოძრავი შემადგენლობისთვის). დასახული მიზნების სწორად განხორციელებისთვის, AFD-ის რეკომენდაციით, საქართველოში ფრანგი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საქართველოს რკინიგზისა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს კონსულტაციებს გაუწევს. მისია, რომელიც ივნისამდე დაიწყება, დაახლოებით 12/18 თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ AFD საფრანგეთის საჯარო ფინანსურ ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB).