„ხალხი კარგად ხედავს რას ვაკეთებთ ჩვენ და რას აკეთებს ომის პარტია. მიუღებელი რომ არის ომის პარტიის მოწოდებები და მათი პოლიტიკა, რომ ქვეყანაში უბედურება დაატრიალონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, 2 აპრილს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე გამოჩნდა, თუ რამდენად მოსწონს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქართველ ამომრჩეველს.
„აბსოლუტურად არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას იტყვის, იმიტომ რომ მათი მატარებელი დიდი ხნის ჩავლილია. დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნებაა“. თუ რამდენად მოსწონს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თუნდაც ამ ურთულეს პერიოდში ქართველ ამომრჩეველს, გამოჩნდა ამ ორი დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზე, როდესაც ძალიან ღირსეულმა კანდიდატებმა რუსთავში და ბათუმში გაიმარჯვეს. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ ბათუმზე, სადაც 2-ჯერ მეტი ხმა მივიღეთ ოპოზიციონერ კანდიდატზე, იმ ოლქში სადაც, ნახევარი წლის წინ, ჩვენ წავაგეთ არჩევნები. რატომ? - იმიტომ რომ, ხალხი კარგად ხედავს, რას ვაკეთებთ ჩვენ და რას აკეთებს ომის პარტია. მიუღებელი რომ არის ომის პარტიის მოწოდებები და მათი პოლიტიკა, რომ ქვეყანაში უბედურება დაატრიალონ, სწორედ ამიტომ მიიღეს ის კატასტროფა, რაც მიიღეს ბათუმში“, - განაცხადა სუბარმა.